მთავარი / საზოგადოება / სიცოცხლის ფანჯარა

სიცოცხლის ფანჯარა

b_571686,,სიცოცხლის ფანჯარა’’ ანუ ,,ბეიბი ბოქსი’’ არის სპეციალური მოწყობილობა სამედიცინო დაწესებულებაში, მეტალოპლასტმასის მსგავსი ფანჯარა ქუჩის მხარეს და სპეციალური საწოლ-აკვანით შენობის შიგნითა მხარეს. გარეთა მხრიდან ,,სიცოცხლის ფანჯრის’’ გახსნისას, ბავშვს აწვენენ კომფორტულ საწოლში, რის შემდეგაც კარებს ხურავენ ან ის ავტომატურატ იკეტება ერთი წუთის განმავლობაში. 30 წამის მერე ხდება ,,სიცოცხლის ფანჯრის’’ კარების ბლოკირება. ამის შემდეგ ქუჩის მხრიდან მისი გახსნა შეუძლებელია. ,,სიცოცხლის ფანჯარაში’’ არ არის ვიდეოკამერები და დაცვა. დატოვებული ბავშვის შესახებ შენობის შიგნით იგებენ საგანგაშო ზარითა და მოციმციმე ნათურით.

ბავშვს სამედიცინო გამოკვლევას უტარებენ სპეციალისტები და უკეთებენ პირველად ანალიზებს. სწორედ ამის გამო ,,სიცოცხლის ფანჯარა’’ ყენდება სამედიცინო დაწესებულბაში. ნაპოვნი ბავშვის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ პოლიციასა და მზრუნველობის ორგანოს. ,,სიცოცხლის ფანჯარაში’’ დატოვებული ბავშვის დედას არ ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ პატარას არ აღენიშნება ფიზიკური ძალადობის კვალი. წინააღმდეგ შემთხვევაში იღძვრება საქმე და იწყება მშობლის ძებნა.

თუ ბავშვი არ არის გამოცხადებული დაკარგულად და მისი მშობლების ვინაობა არ არის ცნობილი, მაშინ მას ენიჭება მიტოვებულის სტატუსი. შემდგომში კი მის ბედს გადაწყვეტენ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო ორგანოები.  ამასთანავე, დედას შეუძლია გადაიფიქროს და დაიბრუნოს მიტოვებული შვილი გენეტიკური ანალიზების ჩატარების შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ დრომდე, სანამ მოხდება პატარის გაშვილება.

აღნიშნულმა კონსტრუქციამ ფართო გავრცელება პოვა შუა საუკუნეებში, აგრეთვე გამოიყენებოდა XVIII-XIX საუკუნეებში და ეწოდებოდა მიტოვებულთა ,,ეტლი’’. XIX საუკუნის დასაწყისიდან სისტემას მიეცა მივიწყებას და მხოლოდ 1952 წლიდან პოვა ხელახალი აღიარება სახელწოდებით ,,მიტოვებულების მისაღები’’.

2000 წლიდან ეს პროექტი ბევრ ქვეყანაში იქნა რეალიზებული. განსაკუთრებული გავრცელება მოიპოვა გერმანიაში, სადაც დღევანდელი მონაცემებით არსებობს 100 ,,სიცოცხლის ფანჯარა’’. აგრეთვე საკმაოდ გავრცელებულია პაკისტანში, სადაც  მათი ოდენობა დაახლოებით 300-ია.

გერმანულ ენოვან ქვეყნებში და პოლონეთში აღნიშნულმა მისაღებმა მიიღო ,,სოცოცხლის ფანჯრის’’ სახელწოდება. იტალიაში უწოდებენ ,,სიცოცხლის აკვანს’’, იაპონიაში-,,წეროს აკვანს’’ ანუ ,,საბავშვო ფოსტას’’, ჩინეთში-,,ბავშვის გადარჩენის კუნძულს’’, ხოლო დასავლეთის რიგ ქვეყნებში კი ,,საბავშვო ყუთს’’.

მიტოვებულ ბავშვთა განყოფილებები სხვადასხვა ფორმით არსებობდა ასწლეულების განმავლობაში. აღნიშნული სისტემა ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში. პირველი ,,მიტოვებულთა ფანჯარა ანუ ბორბალი’’ შეიქმნა 1198 წელს იტალიაში. რომის პაპმა ინოკენტი III-ემ აღიარა, რომ ანალოგიური მოწყობილობები უნდა დამონტაჟდეს უპატრონო ბავშვთა სახლებთან, რათა დედებმა არ მოკლან შვილები (ძალიან ხშირად ახალშობილებს ახრჩობდნენ მდინარე ტიბრში) და შეეძლოთ ანონიმურად მათი დატოვება. მიტოვებულ ბავშვთა ნაკვეთური წარმოადგენდა ცილინდრული ფორმის მოწყობილობას, რომელიც დამონტაჟებული იყო შენობის გარეთა მხარეს, ტრიალა კარების მსგავსად. დედა ათავსებდა პატარას ცილინდრში, ატრიალებდა მას ისე, რომ ბავშვი აღმოჩენილი ეკლესიის შიგნით, ხოლო შემდეგ რეკდა ზარს, რათა ეუწყებინა ზედამხედველებისათვის. ამ სისტემის შესახებ დეტალურად აღწერილი აქვს ანჯელო კონიგლიოს ნოველაში ,,ქალბატონი ბორბლები’’, სადაც გვამცნობს XIX საუკუნის სიცილიაში მიმდინარე მოვლენებს. ერთ-ერთი ასეთი კონსტრუქცია დღემდე შემორჩენილია წმ. სპირიტოს ჰოსპიტალში, ვატიკანში, სადაც ის გამოიყენებოდა შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნემდე.

ჰამბურგში, გერმანიაში პირველი ,,ბორბალი’’ დაამონტაჟა ჰოლანდიელმა ვაჭარმა უპატრონო ბავშვთა სახლში 1709 წელს. 5 წლის მერე კი, 1712 წელს ,,ბორბალი’’ აიღეს, რადგანაც ამ გზით მიტოვებულ ბავშვთა ოდენობა იყო ისეთი დიდი, რომ ბავშვთა სახლს არ შეეძლო მათი პატრონობა.

ანალოგიური ,,ბორბალი’’ 1764 წელს  დამონტაჟებული იყო კასელში (გერმანია) და 1811 წელს მაინცში (გერმანიაში).

საფრანგეთში, მიტოვებულ ბავშვებისათვის განკუთვნილი ნაკვეთურები შექმნა წმ. ვიკენტი დე პოლმა, რომელმაც 1638 წელს ორგანიზება გაუკეთა და ჩამოაყალიბა პირველი ბავშვთა სახლი. 1811 წლის 19 იანვარს, მიტოვებული ბავშვების ,,ბორბალი’’ იქნა ლეგიტიმიზირებული იმპერატორის დეკრეტით. მწერალ ანი მარტინ ფუჟერის მონაცემებზე დაყრდნობით, იმ დროისათვის საფრანგეთში,,ბორბლები’’-ს ოდენობა 251-ს არწევდა და იყო დამონტაჟებული ისეთ საავადმყოფოებთან, როგორიცაა, მაგ:  უსახლკაროთათვის. იმისდა მიუხედავად, რომ იყო უიმედო ეკონომიური სიტუაცია და მიტოვებულ ბავშვთა რიცხვი წელიწადში 10 000-ს აღწევდა, 1863 წელს ძველი ,,ბორბლები’’ ჩაანაცვლეს ,,მისაღები განყოფილებებით’’, სადაც დედას შეეძლო ბავშვის ანონიმურად მიტოვება და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციაც. ოფიციალურად, მიტოვებული ბავშვების ,,ბორბლები’’ გაუქმდა 1904 წლის 27 ივნისს. დღეისათვის საფრანგეთში მცხოვრებ ქალებისათვის არსებობს სპეციალური მომსახურება. მათ ანონიმურად შეუძლიათ იმშობიარონ საავადმყოფოში და იქვე დატოვონ ახალშობილი.

ბრაზილიასა და პორტუგალიაში ,,ბორბლებმა’’ ფართო პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც დედოფალმა მარია І-მა, 1783 წლის 24 მაისს ბრძანა, რომ ყველა ქალაქში უნდა ყოფილიყო უპატრონო ჰოსპიტალები.  ამის თვალნათელი მაგალითია 1825 წლის 2 ივლისს, სან-პაულოში, სანთა კასა დე მიზერიკორიას ჰოსპიტალში დამონტაჟებული ,,ბორბალი’’, რომელმაც არსებობა შეწყვითა, მხოლოდ ხუთ წლიანი დებატების შემდეგ, რადგანაც ვერ შეესაბამებოდა თანამედროვე სოციალურ სისტემას, 1949 წლის 5 ივნისს.

ბრიტანეთში და ირლანდიაში, მიტოვებული ბავშვები მიჰყავდათ უპატრონოთა სახლებში, რომლებიც ფინანსეირდებოდა გაჭირვებულთათვის განკუთვნილი გადასახადებიდან.

უპატრონო ბავშვთა სახლები ასევე არსებობდა ლონდონსა და დუბლინში. დუბლინის ჰოსპიტალში, მიტოვებული ბავშვებისათვის განკუთვნილი ,,ბორბალი’’ დაამონტაჟეს 1730 წელს და გააუქმეს 1826 წელს ჰოსპიტალის დახურვის შემდეგ, რადგანაც მაღალი იყო ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. პირველი თანამედროვე ,,ბეიბი ბოქსი’’ შეიქმნა გერმანიაში, ჰამბურგის მიდამოებში, 2000 წლის 11 აპრილს, მას შემდეგ, რაც 1999 წელს დაფიქსირდა არასახარბიელო გარემო პირობებში დატოვებულ ახალშობილებთა გარდაცვალების არაერთი ფაქტი.

,,ბეიბი ბოქსი’’ არის ერთგვარი საწოლი, რომელშიც შესაძლებელია ბავშვის მოთავსება და შეუმჩნევლად წასვლა, რადგანაც სამაშველო სიგნალი ირთვება, მხოლოდ რამოდენიმე წუთის გასვლის შემდეგ.

2010 წელს, ჰამბურგში 38 ახალშობილი იქნა მიტოვებული ,,ბეიბი ბოქსში’’, რომელთაგან 14 მოგვიანებით დაიბრუნეს დედებმა.

მიზეზები, რომელთა გამოც გამოიყენება ,,სიცოცხლის ფანჯარა’’

წარსულში, ბავშვის მიტოვების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნეოდა მისი ქორწინების გარეშე, უკანონოდ დაბადება. დღევანდელ რეალობაში, ,,სიცოცხლის ფანჯარა’’ განკუთვნილია იმ დედებისათვის, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შესწევთ ბავშვზე ზრუნვა და ამავდროულად სურთ შეინარჩუნონ ანონიმურობა.

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ: გერმანიაში, არ არსებობს კანონი, რომელიც მისცემს უფლებას დედას იმშობიაროს ანონიმურად, ამიტომ ,,ბეიბი ბოქსი’’ ანუ ,,სიცოცხლის ფანჯარა’’ წარმოადგენს პატარას ანონიმურად დატოვებისა და მოგვიანებით მასზე ზრუნვის ერთადერთ საშუალებას.

ინდოეთში და პაკისტანში ,,სიცოცხლის ფანჯრის’’ მიზანია შეამციროს დედების მიერ ახალშობილთა მკვლელობის ფაქტები, რომლებიც განპირობებულია სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიური ფაქტორებით, რომელთაგან ერთ-ერთად მიჩნეულია პატარძლის მაღალი ღირებულება (გამოსასყიდი).

ქვეყნების დიდ უმეტესობაში ,,ბეიბი ბოქსი’’ ერთადერთი დანიშნულეაა ახალშობილთა სიცოცხლის შენარჩუნება.

სამართლებრივი ასპექტები

,,ბეიბი ბოქსის’’ გამოყენების იურიდიული საკითხები დაკავშირებულია ბავშვთა თვითიდენთიფიკაციის უფლებასთან. იგი გარანტირებულია გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის VІІІ მუხლში, რომელიც თავის მხრივ უპირობოდ გულისხმობს სიცოცხლის თანდაყოლილ უფლებას და გარანტირებულია VІ მუხლით.  ,,ბეიბი ბოქსი’’  ართმევს მამას უფლებას შეიტყოს თუ რა დაემართა მის შვილს, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას წარმოადგენს გენეტიკური ტესტირება.

ავსტრია

ავსტრიაში, ,,სიცოცხლის ფანჯარაში’’ დატოვებულ ბავშვებს ენიჭებათ მიტოვებულის სტატუსი. ბავშვებზე და მოზარდებზე  ზრუნვის ადგილობრივი სოციალური სააგენტოები, (Jugendwohlfahrt) პირველი 6 თვის განმავლობაში, თავის თავზე იღებენ მზრუნველობისა და მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობას, ხოლო შემდგომში აშვილებენ. 2001 წლიდან კი ქალებმა მიიღეს ანონიმურად მშობიარობის უფლება.

ჩეხეთი

 ჩეხეთის რესპუბლიკაში, 2006 წელს, სოციალური დაცვის სამინისტრომ, ჩეხეთის კანონების მიხედვით დაამტკიცა კანონი ,,ბეიბი ბოქსების’’ შესახებ.

ამ კანონის საპირისპიროდ, 2006 წლის მარტის თვეში, პოლიციის ოფიცერმა-ანა პისკოვამ, ჩეხეთის ტელევიზიით განაცდადა, რომ ყველა მიტოვებულ ბავშვზე აღიძვრებოდა საქმე და დაიწყებოდა დედების ძებნა.

,,ბეიბი ბოქსების’’ ჩეხეთის ორგანიზაციის ,,სტატიმ’’-ის ხელმძღვანელმა გაასაჩივრა აღნიშნული დანცხადება და მიიღო ოფიციალური მხარდაჭერა ორგანიზაციიდან ,,გადავარჩინოთ ბავშვები’’.

2011 წლის დეკემბრისათჱვის ქვეყანაში აღირიცხებოდა 47 ,,ბეიბი ბოქსი’’, რომელთა დიდი უმეტესობა განლაგებულია მსხვილ ქალაქებში.

დღევანდელი მონაცემებით, ამ მეთოდით დაგარჩენილია 62 პატარა.

საფრანგეთი

საფრანგეთში, 1941 წლის 2 სექტემბერს, ვიშის რეჟიმმა დაამტკიცა სამართლებრივი ბრძანებულება ,,დაბადების’’ დაცვის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქალებს მიეცათ ანონიმურად მშობიარობის უფლება. ოდნავ სახეშეცვლილი, მაგრამ სწორედ ეს კანონი გახდა ანონიმურად მშობიარობის თანამედროვე კანონის პროტოტიპი, რომელიც ჩაწერილია საფრანგეთის სამოქალაქო და საოჯახო კოდექსში, მუხლი 222-6 და კანონი ეხება ერთ წლამდე ბავშვებს.

2003 წელს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაამტკიცა, რომ ეს კანონი არ ეწინააღმდეგებოდა ევროპის დადამიანის უფლებების კონვენსიას.

გერმანია

გერმანიაში, მიტოვებული ბავშვების სისტემა, სულ მცირე ხნის წინ გახდა კანონიერი. უწინ, მიტოვებული პატარის დედაზე იწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის და მიუხედავად, გერმანული სოციალური კანონმდებლობის მიხედვით, მშობელს ეძლევა უფლება დაუტოვოს ბავშვი მესამე პირს 1 წლიდან 3 კვირამდე, თუ იგი, მაგალითად იმყოფება საავადმოყოფოში. რვა კვირის ამოწურვის შემდეგ, თუ ბავშვის მშობელი არ გამოჩნდა, მაშინ მესამე პირი ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვზე ზრუნვის სოციალური მომსახურების სააგენტოს.

,,ბეიბი ბოქსში’’ დატოვებულ პატარას, გერმანელი სამართალდამცავები განიხილავენ, როგორც მესამე პირისათვის დატოვებულს. აღნიშნული საკითხი საკმაოდ საკამათოა და იწვევს აქტიურ დებატებს, რადგანა გერმანიაში იყო დაფიქსირებული ფაქტები, როდესაც ,,ბეიბი ბოქს’’-ებში დატოვებულ ბავშვთაგან ზოგი იყო უნარშეზღუდული ან 3 თვეზე გაცილებით დიდი ასაკის. მრავალი მცდელობის მიუხედავად, დღემდე არ არის გარკვეული ,,ბეიბი ბოქსებში’’ დატოვებული ბავშვების ლეგალური სტატუსი.

იაპონია

იაპონიაში, ბავშვის მიტოვება ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. 2006, ჰოსპიტალ ,, Jikei’’-ს ოფიციალურმა პირებმა განცხადებით მიმართეს ქალაქ კუმამოტოს პრეფექტს და სხვადასხვა ოფიციალურ ინსტანციებს და თხოვდნენ ,,ბეიბი ბოქსების’’ გახსნას. აცხადებდნენ, რომ ჰოსპიტალში მიტოვებული ახალშობილი იმყოფებოდა დაცვისა და მზუნველობის ქვეშ და არ უნდა განხილულიყო, როგორც დანაშაული.

იაპონიის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოეხმაურა  აღნიშნულ ინიციატივას და განაცხადა, რომ ანალოგიურ პრეცენდენტებს ადგილი არ ჰქონია და არც დაფიქსირებული არ ყოფილა.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთში ,,ბეიბი ბოქსები’’ არ არსებობს, რადგანაც ითვლება უკანონოდ.  1861 წლის აქტის 27-ე სექციის თანახმად ,,პიროვნების წინააღმდეგ სამართალდარღვევა’’ კანონი განსაზღვრავს დედას, რომელიც მიატოვებს 2 წლამდე ასაკის შვილს, როგორც დამნაშავე პირს და ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პრაქტიკაში, ასეთი სამართლებრივი სანქციები მეტად იშვიათია და გამოიყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მიტოვებულია ბოროტი განზრახვით ანუ მიზანმიმართული იყო მისი ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ხელყოფა. დედას უფლება აქვს უარი თქვას ახალშობილზე და გაასხვისოს. სწორედ ამიტომა შექმნილია კონსულტირების სამსახური, რათა დედის რეალური განზრახვა განიხილოდ და მისი ეს ქმედება ჩათვლილი იყოს შეუქცევად გადაწყვეტილებად.

ბელგია

            ბელგიაში დიდი ბრიტანეთის მსგავსი სტრუქტურა არ არსებობს. ბავშვების მიტოვება უკანონოა, თუმცა ესეთი ბავშვებისათვის განისაზღვრება ,,მინდობით აღზრდა’’ და რამოდენიმე თვის შემდეგ შესაძლებელია მათი გაშვილება. ასე, რომ არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც განსაზღვრავს მიტოვებული ბავშვების სამართლებრივ ნორმებს.

 

სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა

  • ავსტრია — 2005 წლისათვის ,,სიცოცხლის ფანჯარა’’ არსებობდა 6 ქალაქში;
  • ბელგია — ასოციაციამ ,,დედები დედებისათვის-Moeders voor Moeders’’  დააარსა პირველი ,,ბეიბი ბოქსი-babyschuif Borgerhout’’ 2000 წელს ქალაქ ანტვერპენის ახლოს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ,,მოსეს დედის კალათა-Moeder Mozes Mandje’’.  მისი დაარსების შემდეგ გადარჩენილია ორი ბიჭი ტომასი და მიხაელი.
  • უნგრეთი— პირველი ,,ბეიბი ბოქსი’’  დაარსდა 1996 წელს, ბუდაპეშტში, შოპფ-მერეი აგოსტის ჰოსპიტალში. დღეისათვის მათი რიცხვი რამოდენიმე ათეულს ითვლის.
  • გერმანი — ,,სიცოცხლის ფანარები’’ არსებობს 2000 წლიდან. 2005 წლისათვის მთელს ტერიტორიაზე აღირიცხებოდა 100 ანალოგიური დაწესებულება.
  • ინდოეთი — 1994 წელს, ტამილ-ნადის შტატში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ჯ. ჯაჰალალიტას ინიციატივით დაარსდა პირველი ,,ბეიბი ბოქსი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ბავშვების მკვლელობის თავიდან აცილება. ამ მეთოდით მიტოვებულ ბავშვებს უწოდებენ ,,ბავშვებს აკვნიდან-Thottil Kuzhanthai’’ და მათ აღზრდა-განათლებაზე ზრუნავს სახელმწიფო.

2002 წელს, სამხრეთ ინდოეთში წარდგენილი იყო ,,ინტერაქტიული აკვნების-e-cradle’’ სქემა, რაც გულისხმობდა ,,ბეიბი ბოქსების’’ ფართო ქსელის განვითარებას. ყოველივე ეს კი განაპირობა კოლეჯ ,,ტრივანდრუმთან’’ მომხდარმა შემზარავმა ფაქტმა, როდესაც ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი ძაღლებმა დაგლიჯეს.

  • იტალია — ორგანიზაცია ,,სიცოცხლისათვის’’ მიერ დაარსებულია დაახლოებით 8 ,,ბეიბი ბოქსი’’.

პირველი თანამედროვე ,,ბეიბი ბოქსი’’, 2006 წელს დაარსდა რომში, კაზილინოს პოლიცლინიკაში და 2007 წლის თებერვალში გადაარჩინა პირველი მიტოვებული პატარა. ასევე იგეგმება ვატიკანში, ,,სანტო სპირიტოს’’ ჰოსპიტალში ,,ბეიბი ბოქსის’’ დაარსება.

  • კანადა — 2010 წლის მაისში, ვანკუვერში, წმ. პავლეს ჰოსპიტალმა პირველი ,,ბეიბი ბოქსის’’ დაარსების თაობაზე, რომლის სახელიც იქნებოდა ,,ანგელოზის აკვანი’’.
  • ნიდერლანდები — 2003 წლისათვის იგეგმებოდა პირველი ,,საბავშვო აკვნის’’ ამსტერდამში დაარსება, მაგრამ აქტიური ოპოზიციური პროტესტების გამო აღარ იქნა განხორციელებული. ჯანდაცვის მინისტრმა კლემანს როსმა ,,ბეიბი ბოქსები’’ კანონ გარეშედ აღიარა.
  • პაკისტანი  - ორგანიზაცია ,,იდი-Edhi’’-ის ინიციატივით დაარსებულია 300-მდე ანალოგიური სახის მომსახურება ანუ ე.წ. ,,jhoola’’, რომლის წყალობით გადარჩენილია 16 000-მდე ახალშობილის სიცოცხლე. ,,jhoola’’ წარმოადგენს ჩამოკიდებულ, ღია ფერის მეტალის, მათრასიან აკვანს, რომელშიც შესაძლებელია მიტოვებული ბავშვის ჩაწვენა. ბავშვის მიტოვებას შესაძლებელია თან ახლდეს ზარის  დარეკვამიმტოვებლის მხრიდან ან ყოველ ერთ საათში პერსონალის მიერ შემოწმება.
  • პოლონეთ — 2012 წლისათვის 47 ქალაქში იყო დაარსებული ,,ბეიბი ბოქსი’’.
  • რუსეთი— პირველი  ,,ბეიბი ბოქსი’’ 2012-2013 წლის შუალედში დაარსდა კრასნოდარის მხარეში. პირველი ორი ,,ბეიბი-ბოქსი’’ გაიხსნა კურსკში, რომელთა გახსნის ძირითად ინიციატორია საქველმოქმედო ფონდი ,,იმედის აკვანი.
  • სლოვაკია — მთელი ქვეყნის 15 ქალაქში მოქმედებს 16 ,,ბეიბი ბოქსი’’.  აღსანიშნავია, რომ პირველი ,,ბეიბი ბოქსი’’ დაარსდა 2004 წლის აპრილში, ხოლო იმამე წლის დეკემბერში, უკვე მიტოვებული და გადარჩენილი იყო 30 ახალშობილი.
    • ამერიკის შეერთებული შტატები- ,,ბეიბი ბოქსი’’, როგორც ასეთი არ არსებობს. თუმცა დაახლოებით 50 შტატში შემოიღეს მცნება ,,უსაფრთხო თავშესაფრის შესახებ’’ (1999 წლის 1 სექტემბერს პირველი იყო ტეხასის შტატი), რომელიც მშობლებს უფლებას აძლევს ანონიმურად, იურიდიულად უარის თქვან ახალშობილზე (დაბადებიდან არა უმეტეს 72 საათისა) კონკრეტულ ადგილებში სახელწოდებით ,,თავშესაფარი’’, როგორიცაა, მაგ: ჰოსპიტალები ან სხვ. ამ კანონს სხვადასხვა შტატში სხვადასხვა სახელწოდება აქვს. მაგალითად, კალიფოსნიაში ცნობილია, როგორც ბავშვის უსაფრთხო გარემო.
    • ფილიპინები— 1810 წელს, მილანში დაარსებულ სან ხოსეს მონასტერში, რომელსაც განაგებენ ,,Saint Vincent de Paul’’-ის მოწყალების დები госпиталь San Jose in Маниле, основанный в 1810 и управляемый сестрами милосердия Saint Vincent de Paul, შეიქმნა მბრუნავი ბორბალი, რომელზეც მიწერილია ,,მიტოვებულ ბავშვებს ღებულობენ აქ’’.
    • ჩეხეთი — პირველი ,,ბეიბი ბოქსი’’ იქნა დაარსებული 2005 წლის ივლისში, პრაღაში ორგანიზაცია ,,ბეიბი ბოქს-სტატიმი’’-ს მიერ და უკვე 2006 წელს სამი ახალშობილი იქნა მიტოვებული და გადარჩენილი. 200 7 წლისათვის უკვე არსებობდა 5 ,,ბეიბი ბოქსი’’. 2005-2007 წლებში ,,ბეიბი-ბოქსის’’ დახმარებით ათეულობით ახალშობილის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი, რომელთაგან ზოგიერთები მოგვიანებით დაიბრუნეს დედებმა.

2011 წლის დეკემბრის თვისათვის დარეგისტრირებულია იყო 47 ,,ბეიბი ბოქსი’’, რომელშიც მიტოვებული იყო 62 ახალშობილი, ხოლო ამათგან ერთ-ერთი13-ჯერ იქნა გამოყენებული.

თითოეული ,,ბეიბი ბოქსი’’სახელმწიფოს უჯდება £ 32 000.

  • შვეიცარია — 2001 წლის 9 მაისს, ,,აინზიდელნ-Einsiedeln’’-ის ჰოსპიტალში გაიხსნა ერთი ,,ბეიბი ბოქსი’’.
  • სამხრეთ აფრიკა —2000 წელს, არაკომერციულმა ორგანიზაციამ ,,იმედის კარები’’, იოჰანსბურგის ეკლესიასთან დააარსა ,,ღარი კედელში’’. 2011 წლისათვის, აღნიშნულ ადგილას მიტოვებული იქნა 96 ახალშობილი.
  • იაპონია —  2006 წელს, ჰოსპიტალმა ,,Jikei’’ქალაქ კუმამოტოს პრეფექტურიდან დააანონსა ,,წეროს აკვნის’’ დაარსება, რათა  შეემცირებინათ აბორტებისა და მიტოვებულ ბავშვთა რიცხობრივობა. 2009 წლის 26 ნოემბრისათვის, აღნიშნული  ,,წეროს აკვნის’’ გამოყენებით გადარჩენილ იქნა 51 ახალშობილის სიცოცხლე.

 

საქართველო

,,სიცოცხლის ფანჯრის’’ რაიმე სახის ანალოგი, სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს. არაერთხელ გავმხდარვართ შემზარავი ფაქტების მოწმე, როდესაც ახალშობილები უპოვიათ: ლიფტებში, კარებთან, საგავსაყრელებზე, სანაგვე ყუთებთან, ცელოფანში გახვეულები ან სადმე გაყინულები, რომელტაგან უმეტესობის გადარჩენა ვერ მომხდარა.

ა.წ.  5 მაისს, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში ისაუბრა აბორტის აკრძალვის შესახე და განაცხადა, რომ:

,,უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკველელობა, – აბორტი. მე ადრეც შევეხე ამ თემას, მაგრამ კვლავ მინდა მასზე ყურადღების გამახვილება. ბოროტმოქმედის სიკვილით დასჯა მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, აკრძალულია და ეს კარგია, რათა ადამიანს მიეცეს ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობა. (მათ მიმართ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება პიროვნების გამოსწორებისათვის). აბორტი კი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც.

დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ჰყავთ, _ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება.

აბორტს და მუცლის მოშლის გამომწვევ საშუალებებს კრძალავდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში (ჰიპოკრატეს ფიცი), ისევე როგორც რომის იმპერიაშიც;

მითუმეტეს, ქრისტეს ეკლესია მას განიხილავდა და განიხილავს როგორც უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას.

მსოფლიოში პირველად ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში ათეისტურმა ხელისუფლებამ აბორტი ნებადართულად გამოაცხადა 1920 წელს. 1936 წლიდან 1955 წლამდე იგი ისევ აიკრძალა, მაგრამ დღეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში, იგი კვლავ ნებადართულია და მასმედიის საშუალებითა და ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით, წახალისებულიც.

ბოროტმოქმედი რომ დაემუქროს დედას, შენი შვილები დახოცე, თორემ მოგკლავო, იგი ხომ თავის სიკვდილს ამჯობინებს და ეს ბუნებრივიცაა. მაშ, როგორ თანხმდება იგი მუცლადმყოფი შვილის წამებით სიკვდილს?! მით უმეტეს, ყველამ უკვე იცის, რომ რამდენი დღისაც არ უნდა იყოს ნაყოფი, მას ისეთივე განცდა აქვს ტკივილისა, როგორიც ზრდასრულს.

გაუგებარია ისიც, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხანაში, როდესაც ყველამ იხილა ფილმი ,,ჩუმი ძახილი,” როგორღა დგამს ამ ნაბიჯს მშობელი, ან როგორ აკეთებს ამას ექიმი-გინეკოლოგი?

ამ ცოდვის სიმძიმე იმითაც ვლინდება, რომ ხშირად აბორტი იწვევს უნაყოფობას, ნაადრევ მშობიარობებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, ფსიქიკის დაზიანებას, აბორტის შემდეგ დაბადებულ ბავშვებში კი – ნერვიულ გამოვლინებებს.

ამიტომაც არის ამდენი დანგრეული ოჯახი დღეს საქართველოში, ამდენი მკვდრადშობილი ნაყოფი და ჩვილთა შორის გახშირებული სიკვდილიანობა. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება.

ვისაც ეკონომიური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს, ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას, თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ.

როგორც ცნობილია, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36 000 აბორტი კეთდება, (რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა), მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს.

დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული).

მანამდე კი, მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ, თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად.

მთავარი სწორედ განწყობის შექმნაა’’.

იმაში როი აზრი არ არსებობს, რომ პატრიარქის მიერ ინიცირებული თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი და აქტუალურია, თუმცა არსებობს გარკვეული სახის საკითხები, რომლების სწორედ აბორტის აკრძალვის შემდეგ იჩენენ ცავს და აქედან გამომდინა, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ასეთი კატეგორიული გადაწყვეტილებისაგან ტავს სევიკავებთ.

პატრიარქის ინიციატივის არაჩვეულებრივ ალტერნატიულ გადაწყვეტილებად შესაძლებელია, სწორედ ,,სიცოცხლის ფანჯრის’’ განხილვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2000 წლიდან 2010 წლის ჩათვლით 26 ათასზე მეტი მარტოხელა დედა იძულებული გახდა, შვილისთვის თავისი გვარი მიეცა, რადგან მამებმა მამობის აღიარება არ ისურვეს, მათ არ სურდათ უკანონო შვილების აღიარება.

ხშირად უკანონო ახალშობილების თავიდან მოცილების შემთხვევები წინასწარ იგეგმება და შემზარავ ფაქტებამდე მივდივართ.

ახალშობილის თავიდან მოცილების მრავალი ფაქტორი არსებობს, რომელთაგან, უკანონო ჩასახვის გარდა, აგრეთვე ნიშანდობლივია სოციალური, ეკონომიური, ფსიქო-ემოციური და ზოგადად ჯანმრთელობის ფაქტორები.

ისტორიის ფურცლების თვალის გადავლების შემდეგ, შემზარავ შედეგამდე მივალთ. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში ჩვილ ბავშვთა მკვლელობა მოსახლეობის კონტროლის ერთ-ერთ ,,ეფექტიან” ფორმად ითვლებოდა. იერარქიული სოციალური წყობის კულტურებში, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა შვილებს ხოცავდნენ, რათა გენების სიწმინდე შეენარჩუნებინათ.

1966 წელს (ცეცხლოვანი ცხენის) დაბადებული იაპონელი გოგონები წარუმატებლობის მომტანად ითვლებოდნენ და იმ წელს ახალშობილთა მკვლელობის რიცხვი 57%-ით გაიზარდა.

სხვადასხვა ქვეყანაში ჩვილებს ხოცავდნენ და ხოცავენ სხვადასხვა მიზეზით: რელიგიური და კულტურული ფასეულობების გამო, იმიტომ, რომ ქორწინების გარეშე ან ღალატის შედეგად იყვნენ შობილი…

2001 წელს UNISEF-ის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ევროპასა და აზიაში ბავშვების 60% ამბობს, რომ სახლში, მშობლებისა და მომვლელების მხრიდან  ფიზიკურ ძალადობასა და აგრესიას განიცდის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 1976-2005 წლებში 5 წლამდე ასაკის 3000 ბავშვზე მეტი სწორედ მშობლებმა დახოცეს.

საქართველოში არსებული კანონმდებლობით, ბავშვის მიტოვება ისეთ მდგომარეობაში, სადაც მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, ესეც კი დანაშაულია, მით უმეტეს მშობლის მხრიდან და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112 მუხლით:

,,დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე’’.

112-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეზღუდული ანუ შემცირებული შერაცხადობის სპეციალურ შემთხვევას წარმოადგენს. ზოგჯერ მშობიარობის დროს ქალის ფსიქიკა იმდენად დათრგუნვილია, რომ მისი ბრალის ხარისხი დაბალია და ამიტომ ჩადენილი უმართლობა მას შემსუბუქებულად შეერაცხება. ამ შემთხვევაში ქალს შემცირებული აქვს კონტროლი თავის ქმედებისადმი, რაც გამოწვეულია მშობიარობის პროცესის არასასიკეთო ზემოქმედებით ქალის ფსიქიკაზე. ,,ქალი მშობიარობის მომენტში – წერს ვ. მაყაშვილი – და ერთ ხანს მშობიარობის შემდეგ სავსებით ვერ ფლობს თავის თავს. მას უსუსტდება თავისი მოქმედებისათვის კონტროლის გაწევის უნარი… ამიტომ ქალი, რომელიც ამ მომენტში ჩაიდენს დანაშაულს, არ შეიძლება დაისაჯოს იმგვარადვე, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ასეთივე დანაშაულის ჩამდენი პიროვნება, ვინაიდან მისი ბრალის ხარისხი შედარებით მცირეა”.1

ამრიგად, დედა, რომელიც მშობიარობის დროს ახალშობილს კლავს, მოქმედებს ბრალის შემცირებული ხარისხით. ამიტომ ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, თითქოს ეს მდგომარეობა მოწმობს ,,დამნაშავის ნაკლებ საშიშროებას”.2 თანამედროვე სისხლის სამართალი ქმედების სისხლის სამართალია, ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად პასუხისმგებლობის საფუძველია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ,,ქმედება“ და არა ,,პიროვნების საშიშროება“.

112-ე მუხლი მოიცავს ქმედების ორ შემადგენლობას. პირველი შემადგენლობაა ,,ახალშობილის“ მკვლელობა დედის მიერ მშობიარობის დროს. ობიექტური მხარე ამ ქმედებისა გამოიხატება მოქმედებით. დედა მშობიარობის პროცესში მომაკვდინებელი დარტყმით მოხრჩობით თუ სხვაგვარი ხერხით კლავს ახალშობილს.

112-ე მუხლი ითვალისწინებს აგრეთვე ქმედების ისეთ შემადგენლობას, როგორიცაა დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა ,,უმალვე მშობიარობის შემდეგ“, ამ ქმედების შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს მოქმედებითაც და უმოქმედობითაც. მოქმედების ხერხზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, როცა ქმედების პირველი შემადგენლობა დავახასიათეთ. თუმცა მშობიარობის შემდეგ მკვლელობის ხერხები უფრო მრავალრიცხოვანი შეიძლება იყოს. მაგალითად, წყალში დახრჩობა, თოკით მოხრჩობა, ცეცხლში დაწვა და სხვ. ამის გარდა, შეიძლება ეს შემადგენლობა განხორციელდეს უმოქმედობითაც. მაგალითად, დედამ შეიძლება ახალშობილს არ აჭამოს საჭმელი და მოკლას შიმშილით ანდა არ უმკურნალოს, თუ ახალშობილს რაიმე სენი შეეყარა და ამით ის სიკვდილამდე მიიყვანოს.

სუბიექტური მხარე 112-ე მუხლით აღწერილი ქმედების ორივე შემადგენლობისა გულისხმობს განზრახვას. ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ განზრახვა ამ დროს შეიძლება იყოს პირდაპირიც და არაპირდაპირიც.3 ჩემი აზრით, სერიოზული შესწავლა სჭირდება იმ საკითხს, შესაძლებელია თუ არა, რომ დედა, რომელიც ახალშობილს კლავს მშობიარობის დროს, მოქმედებდეს ევენტუალური განზრახვით. რაც შეეხება ევენტუალური განზრახვის საკითხს ახალშობილის მკვლელობისას უმალვე მშობიარობის შემდეგ, არც ეს უნდა იყოს ადვილი გადასაწყვეტი.

ჩემი აზრით, 112-ე მუხლით აღწერილი ქმედების შემადგენლობა სპეციალური შემადგენლობაა. ამ დროს დედა იმყოფება განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგომარეობაში. დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა მშობიარობისას შეიძლება იყოს აფექტში ჩადენილი. მაგრამ აფექტი აქ, 111-ე მუხლისაგან განსხვავებით, არ არის ვიქტიმური, ესე იგი გამოწვეული დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით. მიუხედავად ამისა, დედა ამ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი განზრახვით უნდა მოქმედებდეს, რადგან მას ამოძრავებს ახალშობილის მკვლელობის მიზანი და სხვა არაფერი.

,,ახალშობილი“ ნიშნავს ბავშვს, რომელიც ცოცხლად დაიბადა. დროის ხანგრძლივობას, როდესაც ბავშვი ახალშობილად მიიჩნევა, სხვადასხვაგვარად განსაზღვრავენ. მაგალითად, პედიატრიაში ახალშობილად თვლიან ბავშვს დაბადებიდან ერთი თვის მანძილზე. მეანეობაში ეს დრო ერთ კვირას უდრის, ხოლო სასამართლო მედიცინა ამ დროს ერთი დღე-ღამით განსაზღვრავს.4

საბოლოოდ მიჩნეულია, რომ ახალშობილია ბავშვი ერთი თვის ასაკში, ხოლო ბავშვის მკვლელობა უმალვე მშობიარობის შემდეგ გულისხმობს ერთ დღე-ღამეს. კანონი დედის ფსიქიკურ მდგომარეობას საშეღავათოდ მიიჩნევს ბავშვის დაბადებიდან მხოლოდ ერთი დღე-ღამის ვადაში.5

ეს დანაშაული, როგორც ვთქვით, სუბიექტური მხრივ შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. მიუხედავად ამისა, ამ დანაშაულის მომზადება ისევე, როგორც 111-ე მუხლით გათვალისწინებული აფექტური მკვლელობისა, არ შეიძლება (თუმცა მე-12 მუხლის საფუძველზე ამ დანაშაულთა მომზადება არ ისჯება). მაგრამ სავსებით შესაძლებელია მათი მცდელობა.

როგორც წინა მუხლით გათვალისწინებული აფექტური მკვლელობის დროს, შესაძლებელია ამ დანაშაულში თანამონაწილეობაც. შეიძლება დედამ თვითონ ვერ მოკლას ახალშობილი და ამისათვის დახმარება სთხოვოს სხვას. ამის საუკეთესო ნიმუშია გერმანიის სასამართლო პრაქტიკაში მომხდარი ეგრეთ წოდებული სააბაზანოს შემთხვევა (Badewannefall). ქალმა შობა უკანონო შვილი და გადაწყვიტა მისი მოკვლა. მაგრამ პირადად ეს ვერ შეძლო და დახმარება სთხოვა თავის დას. დეიდამ ბავშვი აბაზანაში დაახრჩო.

თანამონაწილეობის სუბიექტური თეორიის მიხედვით, გერმანიის საიმპერიო სასამართლომ ბავშვის დეიდა ცნო დამხმარედ, ხოლო დედის მოქმედება დააკვალიფიცირა ამსრულებლობად (ინტერესის თეორია). ჩვენი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამ შემთხვევაში დეიდა არის მკვლელობის ამსრულებელი, ხოლო დედა თანამონაწილე (წამქეზებელი). დედის მოქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე და 112-ე მუხლებით, ხოლო დეიდა პასუხს აგებს კოდექსის 108-ე მუხლით, თუ არ არის რაიმე დამამძიმებელი გარემოება.

ამავდროულად, საქართველოში ბავშვის შვილად აყვანა საკმაოდ რთული პროცედურაა, სერიოზული საფეხურები, ცვლილებებია გასავლელი და ამ მხრივ მიზანშეწონილია აუცილებელია ცვლილებები.

ყოველივე ზემოთ ტქმულიდან გამომდინარე და პატრიარქის ეპისტოლეს გათვალისწინებით, ალბათ, დღევანდელ რეალობაში უალტერნატივო საკითხია, საქართველოს ყველა ქალაქში, თითი ,,სიცოცხლის ფანჯრის’’ დამონტაჯება, მხოლოდ ამასტან ერთად, საქართველოს პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში და დედის ან გარეშე პირის მიერ ,,სიცოცხლის ფანჯარაში’’ მოთავსებული ბავშვის შემტხვევაში, ტუ მასზე არ იქნება არანაირი ზალადიობრივი კვალი, გათავისუფლდეს ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

ჩვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს სხვადასხვა ქვეყნების რამოდენიმე წლიან დამოცდილებებზე დაყრდნობა, მათგან საუკეთესოს ათვისება და საქართველოში განხორციელება, რათა მთლიანად თუ არა, უმეტესწილად შევძლოთ უდანაშაულო, უსუსური სიცოცხლის გადარჩენა.

აქედან გამომდინარე, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში აუცილებელია, სამშობიაროებთან სპეციალური ყუთები, ე. წ. ,,სიცოცხლის ფანჯრების’’ დამონტაჟება, რათა ქალებს, რომლებსაც სურთ, მოიშორონ არასასურველი ბავშვი, შეეძლოთ მშობიარობისთანავე ან მის შემდეგ ამ ყუთში მოათავსონ ჩვილი და არ გაწირონ სასიკვდილოდ, არ მიაგდონ საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში, ნაგავსაყრელებზე ან სოფლის საპირფარეშოებში.

,,სიცოცხლის ფანჯარაში’’ დაცული იქნება ბავშვის სიცოცხლისთვის აუცილებელი ტემპერატურა. მასში უცხო სხეულის მოთავსებისთანავე სამშობიაროს გადაეცემა სიგნალი, მედპერსონალი პატარას მიაკითხავს, იზრუნებს მასზე, ხოლო მოგვიანებით კი ავტომატურად ჩაერთვებიან გაშვილების პროგრამაში.

 შორენა ლობჟანიძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

შესახებ შორენა ლობჟანიძე

შორენა ლობჟანიძე